X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე -,,განახლებული რეგიონები“ ითვალისწინებს ახალი შესაძლებლობების გაჩენას მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებისთვის

16 აგვისტო 2021

,,წინა კვირაში გახლდით რამდენიმე რეგიონში იმ სამუშაოების მოსანახულებლად, რომელიც შეეხება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ პროგრამას,, განახლებული რეგიონები“.  პირველი რიგის სამუშაოები ყველა რეგიონში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ეტაპი უკვე სექტემბრის ბოლოს გვექნება თვალხილული იმ შედეგებისა, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი კონცეფციები, რომლის ფარგლებშიც სრულად მოხდება განახლება, როგორც კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებისა, ასევე რეკრეაციული სივრცეების და სხვა ფუნქციური დანიშნულების ობიექტების“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ  პროექტები ითვალისწინებს ახალი შესაძლებლობების გაჩენას მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებისთვის, ბიზნესისთვის, სხვადასხვა კულტურული და კვების ობიექტების, ახალი რეკრეაციული სივრცეების სახით, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება  ინვესტორებისთვის.

,,ახალი ფუნქციები იქნება ხელმისაწვდომი და ყველაფერი ეს რეალურად უკვე დაწყებულია. ჩვენი გეგმის მიხედვით გაგრძელდება რეგიონებში ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც პერიოდულად  გექნებათ ინფორმაცია, ფოტო და ვიდეო მასალა  იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და მასშტაბურია ის სამუშაოები, რაც განახლებული რეგიონების ფარგლებში უკვე ხორციელდება. ამ პროგრამის ფარგლებში მართლაც მივიღებთ განახლებულ, ახალი შესაძლებლობების მქონე მდებარეობებს, კონკრეტულ ცენტრებს, თუ რეკრეაციულ სივრცეებს რომელიც სწორედ ამ მუნიციპილატეტების მოსახლეობისთვის არის უმნიშვნელოვანესი“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.